fbpx

პროგრამა

«დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა – ქდმ»

«სახალხო ტრიბუნიდან – სახალხო ტრიბუნალამდე» 4

საქართველოს განვითარების გეგმა

2020 წელი

ჩემო მეგობრებო,
ეს გახლავთ ჩვენი განვითარების გეგმა, რომელიც შედგენილია საქართველოს ყველა კუთხეში თქვენთან შეხვედრებზე გამოთქმული სურვილებისა და მოთხოვნების მიხედვით.
– ქვეყნის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, 80%- კი ბანკებს. მათ აქვთ მიტაცებული არსებული ფულის 60%. სახელმწიფოს კანონიერად დავუბრუნებთ მევახშური არასამართლებრივი მეწარმეობით ბანკების მიერ მითვისებულ ქონებას. ეს გააძლიერებს სახელმწიფოს და მას გაუჩნდება საშუალება დაიცვას თქვენი ქონებრივი უფლებები და განახორციელოს გონივრული სოციალური პოლიტიკა.
– პოლიტიკური მოძრაობა «დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა» ერთადერთი ძალაა, რომელიც პირდაპირ ამბობს თქვენს სათქმელს. ჩვენ აღვადგენთ თქვენს დარღვეულ უფლებებს და გაგათავისუფლებთ უკანონო საურავებისა და ვალებისაგან.
– ქვეყანას მოვაშორებთ კორუმპირებულ მოხელეებს და პოლიტიკოსებს. ოლიგარქები და მილიონერები ჩამოცილდებიან მთავრობას. ყველა დამნაშავე წავა ციხეში მიუხედავად დაკავებული უმაღლესი თანამდებობებისა. თანაც პატიმრობის სასჯელთან ერთად, ისინი სახელმწიფოს აუცილებლად აუნაზღაურებენ ასეულობით მილიონის მიყენებულ ზარალს.
– ევროსასამართლოში წაგებულ საქმეებს, ბიუჯეტიდან გადასახდელი თანხა პირდაპირ დაეკისრება იმ თანამდებობის პირებს, ვისი მარადიული ქმედებით საქართველომ წააგო საქმე სტრასბურგში.
ამას ჩვენ ერთად შევძლებთ!
წინასწარ დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის.
სახალხო ტრიბუნიდან -სახალხო ტრიბუნალამდე
პატივისცემით, დავით ჭიჭინაძე

ეკონომიკური განვითარება

– უმუშევრობის, სიღარიბის დასაძლევად აუცილებელია სწრაფი ეკონომიკური ზრდა.
– პირველი რიგის ამოცანაა აღორძინდეს გაჩერებული ეროვნული ეკონომიკა. ამისთვის საჭიროა საერთო-სახალხო სახსრების და ქონების 60%-ზე მეტი მთავრობის და კერძო ბანკირების უკანონო გარიგებების საფუძველზე, წლების განმავლობაში დალექილი მევახშეებისა და კრიმინალი მოხელეების კორუფციული საბანკო თუ ოფშორულ ანგარიშებზე ეს მიტაცებული სახსრები კანონიერი გზით დაუბრუნდება სახელმწიფოს.
– წლების განმავლობაში, მიკროსაფინანსო სისტემა, მევახშეები და მათი «ქოლგა» ბანკები არ იხდიდნენ მოქალაქეებისა და ბიზნესისგან წაგლეჯილი ქონების გადაფორმებისას სავალდებულო საშემოსავლო გადასახადს, რაც მილიარდობით ლარს შეადგენს. ამ თანხების კანონიერი ამოღებით ეროვნულ სახელმწიფოს გაუჩნდება გონივრული სოციალური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა.
– ელიტური კორუფციის დამარცხებით, მთავრობასა და კერძო საფინანსო სისტემის კანონგარეშე გარიგების აღმოფხვრა , შექმნის ჯანსაღ პოლიტიკურ და ბიზნესგარემოს, რაც არის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მთავარი საფუძველი.
– ოცნების ხელისუფლებამ გააუქმა მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდამჭერი პროგრამები. დაუყონებლივ მივიღებთ მცირე და საშუალო მეწარმეთა საქმიანობის მარეგულირებელ სპეციალურ კანონს.
– გადაუდებლად განხორციელდება იმპორტის ხარისხიანი ქართული პროდუქციით ჩანაცვლება; წარმოებული პროდუქციის ადგილზე გადამუშავება; სათანადო ტექნიკისა და ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვა; ფერმერული მეურნეობისათვის, კერძო შუამავლების გარეშე, ქმედითი ხელშეწყობის მექანიზმების დანერგვა.
– ენერგეტიკის დარგის სწორი განვითარებისთვის დაუყონებლივ აღმოიფხვრება მთავრობასა და საეჭვო ინვესტორებს შორის დახურული გარიგებების პრაქტიკა. საინვესტიციო პოლიტიკა აიგება კონკურენტული და გამჭირვალე პროცედურებით – ბაზრის ობიექტური პირობების შესაბამისად.

ეკოსისტემა, ბიოწარმოება, ტურიზმი
– დაინერგება ახალი პროგრამები გარემოს დაცვის საკითხებზე, მეტი ინფორმაციის გავრცელების და სპეციალური საგანმანათლებლო კურსების შესახებ.
– სწრაფად მოხდება ბიოწარმოებაში არსებული დიდი ჩამორჩენის დაძლევა, რაც გახდება კონკურენტული საექსპორტო პროდუქციის შექმნის მყარი და თანამედროვე საფუძველი.
– ყოველდღიური ზრუნვა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე. ეკოფერმერობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე გახდება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.
– დაცული ტერიტორიების განვითარება, ეკოტურიზმის გაფართოება გახდება დასაქმებისა და ინვესტიციების მოზიდვის რეალური ბერკეტი.
– პანდემიის პერიოდში მთავრობის დადგენილებები გამოწვეული ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ტურიზმის სექტორის ქმედითი ხელშეწყობა. ფორს-მაჟორული პირობების ამოწურვამდე შეჩერდება საბანკო კრედიტებზე პროცენტების და საურავების დარიცხვა.

განათლება
– ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში განათლება და აღზრდა გახდება პედაგოგიური საქმიანობის საერთო ამოცანა.
– გაიზრდება განათლების სფეროს საბიუჯეტო დაფინანსება. მასწავლებელი მიიღებს ღირსეულ და დამსახურებულ ხელფასს.
– საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში: ქუთაისში, ბათუმში, გორში,ზუგდიდსა და თელავში გაიხსნება მაღალი კატეგორიის სპეციალისტების მომზადების ერთწლიანი ლიცეუმები. სახელმწიფო და კერძო სექტორი დაუკვეთავს ამ ლიცეუმებს ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიის ადამიანების მომზადებას, რაც მათი მხრიდან იქნება ანაზღაურებული პრაქტიკიდან მოწყვეტის გარეშე, ექნებათ შესაძლებლობა მეორე კურსიდან გააგრძელონ უმაღლესი განათლება.
– სახელმწიფო ვალდებული გახდება განსაზღვროს რა პროფესიის და რამდენი ადამიანის მომზადება სჭირდება შრომით ბაზარს. ეს გახდება საფუძველი განათლებამიღებული ადამიანის კონსტიტუციური უფლება-დასაქმება იყოს უზრუნველყოფილი.
– საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, სახელმწიფო განსაზღვრავს ოჯახის შემოსავლის მინიმალურ სტანდარტს, რომლის ქვევითაც ბიუჯეტი დააფინანსებს წარმატებული სტუდენტის სწავლას. ეს გახდება საფუძველი განათლებაზე ხელმისაწვდომობის თანაბარი უფლებების დანერგვისათვის.
– მერვე კლასამდე სავალდებულო ზოგადსაგანმანათლებლო სწავლება დაფინანსებული იქნება სახელმწიფოს მიერ.

ჯანდაცვა
– საყოველთაო ჯანდაცვა, მათ შორის მედიკამენტებით უზრუნველყოფა სრულიად დაფინანსდება სახელმწიფოსაგან.
– პირველად ჯანდაცვას სახელმწიფო დაუთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას.
– შეიცვლება სოციალურად დაუცველთა შემწეობებისა და დახმარებების დანიშვნისა და გაცემის წესები. პირველ რიგში, გაიზრდება შემწეობების ოდენობა. შემწეობები და დახმარებები დაენიშნებათ იმ პირებს და ოჯახებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. ასევე გაუქმდება ე.წ. «ქულათა მახინჯი სისტემა».
– სახელმწიფო თავის თავზე აიღებს კერძო შუამავლების გარეშე პენსიებისა და შემწეობების დარიგებას. პენსიები და შემწეობები რისკებისაგან დაზღვეული იქნება სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის მიერ. ამ გზით შესაძლებელი გახდება პენსიონერებზე გაცემული კრედიტის წლიური განაკვეთი შემცირდეს სამ პროცენტამდე.
– სახელმწიფოს გაუჩნდება შესაძლებლობა პენსიების ოდენობა გააორმაგოს.

მართლმსაჯულება, მართლწესრიგი
– უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც ამავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პირდაპირი და საყოველთაო არჩევნებით აირჩევს ხალხი.
– გამოძიება ჩამოცილდება შ.ს. სამინისტროს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს და გადაეცემა პარლამენტის მიერ შექმნილ დამოუკიდებელ საგამოძიებო კომიტეტს.
– გაუქმდება «სუსი», როგორც პოლიტიკური პოლიცია.
– როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი ფინანსური დანაშაულებების გამოსაძიებლად შეიქმნება ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო აღიარებული უცხოელი სპეციალისტების თანამონაწილეობით.
– პროკურატურა შევა სასამართლო სისტემის შემადგენლობაში.
– ჩვენი პოლიტიკური ძალის ინიციატივით კონსტიტუციის 68-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევა გათვალისწინებული იქნება სისხლის სამართლის კოდექსში და ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების კრიმინალი მესვეურები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

პოლიტიკური მოძრაობა დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა